სააქციო საზოგადოება „კაუკაზუს აგროდეველოფმენთი“ (CAD) დაფუძნდა 2008 წლის გაზაფხულზე და მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ინვესტიციების განხორცილება საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის სოფლის მეურნეობის სექტორში. CAD–ის მთავარი სტრატეგიული მიზანია გახდეს მოწინავე აგრარული ჰოლდინგი საქართველოში, ადგილობრივ ბაზარზე ხარისხიანი და ნატურალური სასოფლო–სამეურნეო პროდუქტებზე მზარდი მოთხოვნის არსებობის გათვალისწინებით. კომპანია წარმოების ეფექტურობის უზრუნველყოფას აპირებს დიდი ზომის სასოფლო–სამეურნეო პროდუქციის მრეწველობის, სრული საწარმოო ჯაჭვის განვითარებისა (მოყვანა, შენახვა, გადამუშავება, მარკეტინგი და რეალიზაცია) და თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენებით. CAD–ის საინვესტიციო საქმიანობის ძირითად დარგობრივ მიმართულებებს წარმოადგენენ: რძის პროდუქტების წარმოება, მეცხოველეობა, მეფრინველეობა, მეთევზეობა, სასათბურე მეურნეობა და სასაწყობო ინფრასტრუქტურის მშენებლობა.
საწყის ეტაპზე, CAD–მა აირჩია რძის წარმოების განვითარება, რაც განაპირობა ქართულ ბაზარზე შექმნილი ნატურალური რძის პროდუქტების დეფიციტმა. საფუძვლიანი შესწავლის შედეგად CAD–მა რძის წარმოების ბიზნესის განვითარების ბაზად შეარჩია დასავლეთ საქართველოში, სენაკის მახლობლად არსებული მეცხოველეობის ფერმა. ფერმის ტერიტორიაზე წარმოებული რძის პროდუქტების რეალიზაცია მოხდება ადგილობრივ ბაზარზე.





